თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ახალი სლოგანი "მშვიდობის ქალაქი", მმართველი პარტიის რიტორიკას ომთან დაკავშირებით, თბილისის მერმა უპასუხა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა დაიცვან.
"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს სიმშვიდე და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა კალაძემ.
საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს თავისუფლების მოედანზე, სადაც წარწერა "მშვიდობის ქალაქი" განთავსდება.
წინა წლის საახალწლო სლოგანი "სიცოცხლით სავსე ქალაქი" იყო.